აშშ-მა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი დატოვა

15:06, 30.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპის ანტიკორუფციული ზედამხედველობის უმაღლესი ორგანო დატოვა, – ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ წერს.

როგორც „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აშშ აგრძელებს საერთაშორისო და მრავალმხრივი ორგანიზაციებიდან გამოსვლის გეგმას და მათ საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბებაში, არაეფექტიანობაში ან აშშ-ის პოლიტიკასთან შეუსაბამობაში ადანაშაულებს.

მედიის ცნობით, ევროპის საბჭომ სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ერთი დღით ადრე ოფიციალურად აცნობა მას კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფიდან GRECO-დან გასვლის შესახებ. GRECO მანამდე მხოლოდ ორმა ქვეყანამ – რუსეთმა და ბელარუსმა – დატოვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ აშშ-ის მონაწილეობა GRECO-ში, რომელიც ყოველწლიურ ფინანსურ შენატანს მოითხოვს, „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხელშესახებ სარგებელს არ იძლევა“.

„საერთაშორისო ბიუროკრატიული სტრუქტურებისთვის ცარიელი ჩეკების გაცემის ეპოქა დასრულდა. ამის ნაცვლად, დეპარტამენტი პრიორიტეტს ანიჭებს კორუფციასთან ბრძოლის უფრო ეფექტიან ინსტრუმენტებს, როგორიცაა სავიზო შეზღუდვები, სანქციები და მიზნობრივი საგარეო დახმარება, რათა გაძლიერდეს უცხო ქვეყნების გამოძიებები იმ კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის აშშ-ის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას,“ – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

სტრასბურგში მდებარე ევროპის საბჭომ განაცხადა, რომ აშშ „ღირებული კონტრიბუტორი“ იყო GRECO-ს საქმიანობაში და „კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის მიმართულებით გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაში“.

„GRECO კვლავ მზად არის, მომავალში განაახლოს თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, საერთო ძალისხმევის მხარდასაჭერად კორუფციის პრევენციის, კეთილსინდისიერების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართულებით“, – აღნიშნულია ევროპის საბჭოს განცხადებაში.

ეს გადაწყვეტილება გამოცხადდა ერთი კვირის შემდეგ, რაც ეუთო-მ განაცხადა, რომ აშშ-მა უარი თქვა მისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მოწვევაზე ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებზე დამკვირვებლებად.

მსგავსი