აშშ-მა დროებით დაფინანსება შეუჩერა გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს, მას შემდეგ, რაც სააგენტოს თანამშრომლების „ჰამასის“ თავდასხმასთან კავშირის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
აშშ-მა დროებით დაფინანსება შეუჩერა გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს, მას შემდეგ, რაც სააგენტოს თანამშრომლების „ჰამასის“ თავდასხმასთან კავშირის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაფინანსება დროებით შეუჩერა ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააგენტოს ზოგიერთი თანამშრომელი ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან არის კავშირში.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ესაუბრა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს 25 იანვარს, რათა ხაზი გაესვა ამ საკითხის სწრაფი და ზედმიწევნითი გამოძიების საჭიროებისთვის“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

მისი თქმით, აშშ მიესალმება გადაწყვეტილებას ასეთი გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ მივესალმებით გადაწყვეტილებას ასეთი გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით და გენერალური მდივანი გუტერეში დაგვპირდა, მიიღოს გადამწყვეტი ზომები რეაგირებისთვის, თუკი ეს ბრალდებები სინამდვილეს შეესაბამება“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოდან რამდენიმე თანამშრომელი ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით გაათავისუფლეს.