აშშ-მა ჩეჩნეთის შს სამინისტროს გროზნოს სამმართველოს ხელმძღვანელის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
აშშ-მა ჩეჩნეთის შს სამინისტროს გროზნოს სამმართველოს ხელმძღვანელის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გროზნოს სამმართველოს ხელმძღვანელის, ასლან ირასხანოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

ვაშინგტონი ირასხანოვს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში ადანაშაულებს. კერძოდ, აშშ მას აკისრებს პასუხისმგებლობას 27 ადამიანის სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯაზე, რომელიც აჰმათ კადიროვის სახელობის პოლიციის დანაყოფებმა მისი ხელმძღვანელობის დროს ჩაიდინეს. სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, კერძოდ, გასამართლების გარეშე სიკვდილით დასჯის, წამებისა და ადამიანების გაუჩინარების გამო.

2017 წლის ივლისში გამოცემა „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა 27 პირის სია, რომლებიც გამოცემის ვარაუდით, 2017 წლის 26 იანვრის ღამეს გროზნოში სამართალდამცველების მიერ დაკავების შემდეგ მოკლეს. აღნიშნული პირები 2016 წლის დეკემბერში პოლიციელის მკვლელობის შემდეგ დააკავეს. მაშინ ადგილობრივი მედია წერდა, რომ დააკავეს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირები.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ირასხანოვის გარდა სანქციები დაუწესდა სტამბოლში საუდის არაბეთის ყოფილ გენერალურ კონსულს, მუჰამედ ალ-ოთაიბის, რომელიც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან კავშირშია ეჭვმიტანილი.