აშშ-მა ბოსნიის შემადგენლობაში შემავალ სერბთა რესპუბლიკის ყოფილ ლიდერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები მოუხსნა
აშშ-მა მილორად დოდიკს, რომელსაც სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის მანდატი ჩამოერთვა, სანქციები მოუხსნა, – ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) განცხადებაშია ნათქვამი.
მილორად დოდიკის გარდა, სანქციები მოუხსნეს მის შვილებს, დოდიკთან დაკავშირებულ ტელეკომპანიას და სერბთა რესპუბლიკის ყოფილ მაღალჩინოსბებს.
ჯამში, სიიდან ამოღებულია 48 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც ბოსნია-ჰერცეგოვინაში ვითარების დესტაბილიზაციისა და ე.წ. დეიტონის შეთანხმებისთვის ძირის გამოთხრის ბრალდებით იყვნენ სანქცირებული.
აშშ-ის მიერ სანქციების მოხსნას პოლიტიკოსი სოციალური ქსელ X-ში გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.
„მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი თანამოაზრეების, რომ გამოასწორეს ის უსამართლობა, რომელიც მიაყენეს სერბთა რესპუბლიკას, მის წარმომადგენლებსა და მათ ოჯახებს – უსამართლობა, რომელიც ჩაიდინეს ყოფილი პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ბარაკ ობამას ადმინისტრაციებმა“, – ნათქვამია დოდიკის განცხადებაში.
დოდიკის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციები 2017 წლიდან ჰქონდა დაწესებული. აშშ-ში აცხადებდნენ, რომ დოდიკი საფრთხეს წარმოადგენდა ბოსნია-ჰერცეგოვინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და ხელს უშლიდა დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას.
მილორად დოდიკს სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის მანდატი ადგილობრივმა ცესკო-მ ჩამოართვა, რადგანაც სასამართლომ დაადგინა, რომ დოდიკი უარს ამბობდა ბოსნიის საერთაშორისო წარმონადგენლის, კრისტიან შმიდტის გადაწყვეტილებების შესრულებაზე. შედეგად, დოდიკს ერთი წლით პატიმრობა და ექვსი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალეს. თავად დოდიკი ამ გადაწყვეტილებას არ აღიარებს და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.
ცნობისთვის, კრისტიან შმიდტი გახლავთ დასავლეთის ქვეყნების მიერ დანიშნული საერთაშორისო დამკვირვებელი, რომელიც დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების პირობების დაცვას მეთვალყურეობს.
დეიტონის სამშვიდობო შეთანხმება, რომელმაც ბოსნია-ჰერცეგოვინაში სამოქალაქო ომი დაასრულა, 1995 წელს გაფორმდა. დოკუმენტი შემუშავებული იყო აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დეიტონში, ხოლო მოგვიანებით პარიზში გაფორმდა.
ბოსნია და ჰერცეგოვინა შედგება სერბთა რესპუბლიკისგან, სადაც ძირითადად სერბები ცხოვრობენ, და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფედერაციისგან, რომლის მოსახლეობას მუსლიმი ბოსნიელები და ხორვატები შეადგენენ. სერბთა რესპუბლიკის ტერიტორია გაყოფილია კიდევ ორ ნაწილად (ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ) ბრჩკოს ოლქით, რომელიც ითვლება თვითმმართველად და ერთდროულად მიეკუთვნება როგორც რესპუბლიკას, ისე ფედერაციას.
2022 წლის იანვარში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ტელეკომპანია „ალტერნატივნა ტვ“-ს, რომელიც, ამერიკელი ოფიციალური პირების აზრით, დოდიკის კონტროლს ექვემდებარებოდა და პოლიტიკოსის დღის წესრიგს ავრცელებდა.