აშშ-მა ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დრონით დარტყმა განახორციელა
აშშ-მა ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დრონით დარტყმა განახორციელა

აშშ-მა ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დრონით დარტყმა განახორციელა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, ყველა ინდიკატორი მიუთითებს, რომ დარტყმის შედეგად სამიზნე მოკლულია, სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამასთან, სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის დარტყმის სამიზნე ქაბულის აეროპორტის ტერაქტის ორგანიზატორი იყო.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, საჰაერო დარტყმა პაკისტანის მოსაზღვრე ნანგაჰარის პროვინციაში განხორციელდა. პენტაგონში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა დარტყმის სამიზნე დაკავშირებული ქაბულის აეროპორტში განხორციელებულ თავდასხმასთან, რომელსაც 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მომდევნო რამდენიმე დღე სავარაუდოდ ყველაზე საფრთხის შემცველი იქნება ავღანეთიდან აშშ-ის ევაკუაციის ოპერაციისთვის. პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის თქმით, აშშ მზად არის და ელოდება მორიგი თავდასხმების მცდელობებს.