აშშ-მა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, თურქეთში, ჩინეთში, ჰონგ კონგში, ინდოეთში, გერმანიასა და უკრაინაში ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების შესყიდვის ქსელებს სანქციები დაუწესა
აშშ-მა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, თურქეთში, ჩინეთში, ჰონგ კონგში, ინდოეთში, გერმანიასა და უკრაინაში ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების შესყიდვის ქსელებს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, თურქეთში, ჩინეთში, ჰონგ კონგში, ინდოეთში, გერმანიასა და უკრაინაში მყოფ 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და შესყიდვის ქსელს მართავდნენ, სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული ქსელები საფრთხეს უქმნის აშშ-ის და მის მოკავშირე პერსონალს ახლო აღმოსავლეთში და კომერციულ გადაზიდვებს წითელ ზღვაში. მათივე ცნობით, ეს ქმედება წარმოადგენს ხაზინის მიერ გაუვრცელებლობის სანქციების მეორე რაუნდს, რომელიც, საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მხარს უჭერს გაერო-ს სანქციების ხელახლა დაწესებას ირანის წინააღმდეგ.

„მთელ მსოფლიოში ირანი ფინანსურ სისტემებს იყენებს ფულის გასათეთრებლად, ბირთვული და სხვა იარაღის პროგრამებისთვის კომპონენტების შესაძენად და ტერორისტული მარიონეტების მხარდასაჭერად. პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, ჩვენ მაქსიმალურ ზეწოლას ვახდენთ ირანზე, რათა დაასრულოს თავისი ბირთვული საფრთხე. შეერთებული შტატები ასევე ელოდება, რომ საერთაშორისო საზოგადოება სრულად განახორციელებს გაერო-ს სანქციებს ირანის წინააღმდეგ, რათა შეუწყვიტოს მას წვდომა გლობალურ ფინანსურ სისტემაზე“, – განაცხადა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ჯონ კ. ჰარლიმ.

სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი ქმედების შედეგად ზემოთ აღწერილი პირების ყველა ქონება და საკუთრებაში არსებული წილი, რომელიც იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაიბლოკება.

გარდა ამისა, ასევე იბლოკება ნებისმიერი სუბიექტის ქონება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად, ან, ჯამში, 50 პროცენტით ან მეტი წილით კავშირშია აღნიშნულ პირებთან.