აშშ-მა ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე რამდენიმე ქვეყანას შეღავათი დაუწესა
აშშ-მა ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე რამდენიმე ქვეყანას შეღავათი დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც გარკვეულ ქვეყნებს აშშ-ში ფოლადისა და ალუმინის შეტანაზე კვოტების გაზრდის ნებას აძლევს. გაზრდილი კვოტები არც ტარიფით დაიბეგრება. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის პეზიდენტმა 29 აგვისტოს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც სამხრეთ კორეას, ბრაზილიასა და არგენტინას აშშ-ში ფოლადის იმპორტის კვოტების გაზრდის უფლებას აძლევს. არგენტინას ასევე ნება ეძლევა, კვოტების გაზრდა ალუმინზეც მოითხოვოს. თუმცა ამით ტრამპი ადგილობრივ მწარმოებლებს არ აზარალებს.

ბრძანებულების მიხედვით, აღნიშნულ ქვეყნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ კვოტების გაზრდა მოითხოვონ, თუ ამერიკის ბაზარზე ალუმინისა და ფოლადის რაოდენობრივი ან ხარისხობრივი დეფიციტი გაჩნდება, რომელსაც ადგილობრივი ინდუსტრია ვერ შეავსებს. კვოტების გაზრდილ მოცულობას არც საიმპორტო გადასახდი შეეხება.

მარტში ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საბაბით, ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25 და 10 პროცენტიანი ტარიფები დააწესა, რომელიც ძალაში პირველ ივნისს შევიდა და ამ პროდუქციის მსოფლიოს თითქმის ყველა მთავარ მწარმოებელს შეეხო ევროკავშირის, კანადისა და მექსიკის ჩათვლით. თუმცა მაისის ბოლოს აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა, ვილბორ როსმა განაცხადა, რომ გარკვეულ ქვეყნებზე შეღავათები დაიშვებოდა.

დატოვე კომენტარი