აშშ-მ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 43 პლანშეტური კომპიუტერი უსასყიდლოდ გადასცა
აშშ-მ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 43 პლანშეტური კომპიუტერი უსასყიდლოდ გადასცა

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციის შეგროვებასა და ეკონომიკური ანალიზის განხორციელებაში დახმარებას უწევს. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ინიციატივის“ ფარგლებში, აშშ-ის ხელისუფლებამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 43 პლანშეტური კომპიუტერი უსასყიდლოდ გადასცა.

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმსრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი ესწრებოდნენ.

მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ-ის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აშშ-ის მთავრობასა და უშუალოდ, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს მადლობა გადაუხადა.

„ამერიკის შეერთებულმა შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა უმნიშვნელოვანესი დახმარება გაუწია საქართველოს მთავრობას. ჩვენ უკვე შეგვიძლია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ვაწარმოოთ სტატისტიკა, რაც გააუმჯობესებს ინფორმაციის მიღების ოპერატიულობას, უფრო საიმედოს გახდის სასოფლო-სამურნეო სტატისტიკას, რაც საბოლოოდ ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ისე საქართველოს მთავრობას. აღსანიშნავია, რომ ელექტრონულ ინფორმაციაზე დაფუძნებული გამართული სტატისტიკის წარმოება ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში ნაკისრი ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულებაცაა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ თავის მხრივ ყურადღება საქართველოსთვის გაწეული დახმარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის დახმარება საქართველოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის საერთაშორისო ასპარეზზე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, მერი დაუშვილის განცხადებით, აშშ-ის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარებით, საქმიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, მოხდება სტატისტიკის წარმოების ელექტრონული ვერსიის დანერგვა, რაც დაზოგავს დროსა და თანხებს.

სამინისტროს ცნობით, USDA-ის „საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ინიციატივის“ (GAPI) 4-წლიან პროექტის (2014-2017 წლები) მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარება მონაცემთა შეგროვებაში, რომელიც საჭიროა პოლიტიკის განსაზღვრისთვის, სურსათზე მოთხოვნისა და მიწოდების ეკონომიკური ანალიზისთვის.

ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USDA–ს შორის, 2017 წლის მაისის თვეში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებდა: სასოფლო-სამეურნეო კვლევების დანერგვის, განხორციელებისა და ინფორმაციის დამუშავების მიზნით სამინისტროსთვის საჭირო ტრენინგებსა და ტექნიკური დახმარების გაწევას.