აშშ-მ ესპანეთის დამარცხებით დაასრულა ოლიმპიადისთვის მზადება [ვიდეო] #1TVSPORT
10:21, 19.07.2021
ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრებმა დაასრულა მზადება ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა მეოთხე საჩვენებელი მატჩი ჩაატარა ლას ვეგასში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ და 83:76 მოიგო.
მატჩის დიდი ნაწილი ევროპელები ლიდერობდნენ – მათ მოიგეს პირველი მეოთხედი და პირველი ტაიმი. მესამე მეოთხედში 42:46-დან ამერიკამ 23:6 გაქცევა მოაწყო და ამის შემდეგ ლიდერობა აღარ დაუთმია.
გუნდები ბევრს და ცუდად ესროდნენ სამქულიანებს – აშშ-მ 36 შორეული ტყორცნიდან 12 გამოიყენა, ესპანეთმა – 29-დან რვა.
ამერიკელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო დემიენ ლილარდი – 19 ქულა. 15 ქულა ჰქონდა კელდონ ჯონსონს, 11 – კევინ დურანტს. ესპანელებში 23 ქულა დააგროვა რიკი რუბიომ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მ საჩვენებელი მატჩები წააგო ნიგერიასთან და ავსტრალიასთან, მაგრამ მოუგო არგენტინას.