აშშ-ი ისრაელ-პალესტინის კრიზისთან დაკავშირებით სამშვიდობო გეგმას წარადგენს
აშშ-ი ისრაელ-პალესტინის კრიზისთან დაკავშირებით სამშვიდობო გეგმას წარადგენს

ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელ-პალესტინის კრიზისთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში სამშვიდობო გეგმას წარადგენს. ამის შესახებ ახლოს აღმოსავლეთის საკითხებში დონალდ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა, ჯარედ კუშნერმა არაბულენოვან გაზეთ Al-Quds-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

საუბრის დროს თეთრი სახლის ლიდერის სიძემ და მრჩეველმა პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო გეგმა „მასთან ერთად, თუ მის გარეშე“ მაინც ამოქმედდება.

ჯარედ კუშნერი ერთი კვირის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან დაკავშირებით ისრაელის, საუდის არაბეთის, ეგვიპტის, იორდანიისა და ყატარის ლიდერებთან შეხვედრებს მართავდა. Al-Quds-თან საუბრის დროს დონალდ ტრამპის მრჩეველმა პალესტინის ლიდერს მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდა.

„თუ მაჰმუდ აბასს სურს, რომ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს, ჩვენ მზად ვართ, ის მივიღოთ. თუ ასე არ არის, გეგმის შესრულებას მის გარეშე დავიწყებთ“, – განაცხადა ჯარედ კუშნერმა.

ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე პალესტინის ლიდერის უარი აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას უკავშირდება. მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოლაპარაკებებში გულწრფელი არ არის. პალესტინის ლიდერის თქმით, თეთრი სახლის ნაბიჯები ისრაელთან მოკავშირეობაზე მიუთითებს.