აშშ-ისგან მხარდაჭერილმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო ბასტიონზე შეტევა განაახლეს
ამერიკის შეერთებული შტატებისგან მხარდაჭერილმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო ბასტიონზე შეტევა განაახლეს.
ქურთებითა და არაბებით დაკომპლექტებული სამხედრო დაჯგუფება აღმოსავლეთ სირიაში, ერაყის საზღვრის მახლობლად, სოფელ ბაღუზის გათავისუფლებას ცდილობს.
ბოლო ანკლავის აღების შემდეგ, აშშ მოკავშირეებთან ერთად 2014 წელს გამოცხადებული ე.წ. სახალიფოს ფორმალურ დასრულებას გამოაცხადებს.
სამხედრო ოპერაციაში ჩართულია საერთაშორისო კოალიციის ავიაცია, რომელიც იარაღის საწყობებს ბომბავს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბაღუზიდან 7 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 500-მდე ისლამისტი გამოვიდა. ევაკუაციის შემდეგ, აღნიშნული პირები „სირიის დემოკრატიული ძალების“ ბანაკებში განათავსეს და წყლითა და საკვებით უზრუნველყვეს.
ბაღუზის გათავისუფლება რამდენიმე დღეში გამოცხადდება. გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჰადისტების ლიდერებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.