აშშ-ისა და თურქეთის სახელმწიფო მრჩევლებმა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სამხრეთ კავკასიაზე ისაუბრეს
აშშ-ისა და თურქეთის სახელმწიფო მრჩევლებმა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სამხრეთ კავკასიაზე ისაუბრეს

აშშ-ისა და თურქეთის სახელმწიფო მრჩევლებმა განიხილეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის, სამხრეთ კავკასია, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. თეთრი სახლის განცხადებით, ჯეიკ სალივანმა და იბრაჰიმ ქალინმა შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში ურთიერთობების, ასევე ავღანეთთან, ახლო აღმოსავლეთთან, სამხრეთ კავკასიასთან და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

გარდა ამისა, მხარეებმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გლაზგოში დაგეგმილი შეხვედრის საკითხებზეც ისაუბრეს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, მხარეები უთანხმოებების მართვის და კონსტრუქციული ორმხრივი კავშირების შენარჩუნებასთან დაკავშირებით დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

მედიის ინფორმაციით, იბრაჰიმ ქალინმა ჯეიკ სალივანს განუცხადა, რომ თურქეთის ბრძოლა სირიაში გაგრძელდება, მათ შორის აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ქურთების „სახალხო თავდაცვის შენაერთებთან“.

აღსანიშნავია, რომ თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში დაიძაბა. თურქეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ 10 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების ინსტრუქცია გასცა, თუმცა შემდეგ საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა, როდესაც განაცხადა, რომ ელჩებმა უკან დაიხიეს და საკუთარ განცხადებებში უფრო ფრთხილი იქნებიან.