აშშ-ისა და ისრაელის მიერ სარკინიგზო ხაზის ნაწილზე თავდასხმის გამო, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიის დროს თეირანსა და ქალაქ მეშჰედს შორის სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერდა
აშშ-ის და ისრაელის მიერ სარკინიგზო ხაზის ნაწილზე განხორციელებული თავდასხმის გამო ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქალაქ მეშჰედს შორის სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას.
გავრცელებული ცნობით, ტექნიკური და ოპერაციული ჯგუფები დაზიანებულ ადგილზე საგანგებო სარემონტო სამუშაოებს ახორციელებენ.
ირანის რკინიგზაში აცხადებენ, რომ მიღებულია ზომები, რათა ჩარჩენილი მატარებლებიდან მგზავრები წმინდა ქალაქ მეშჰედში საავტომობილო გზით გადაიყვანონ.
როგორც ირანული მედია წერს, „შეფერხება მაშინ მოხდა, როდესაც მეშჰედი მასპინძლობს მილიონობით მგლოვიარეს მთელი ირანიდან და საზღვარგარეთიდან, რათა მონაწილეობა მიიღონ ისლამური რევოლუციის ლიდერის, აიათოლა სეიედ ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაში“.