აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2020 წლის საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2020 წლის საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2020 წლის საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მან პირველი შეხვედრა პიტსბურგში, პროფკავშირების წარმომადგენლებთან გამართა.

ჯო ბაიდენმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად გასულ კვირას განაცხადა.

„მე შევძლებ 2020 წელს დონალდ ტრამპის დამარცხებას. ეს მოხდება აქ, თქვენი დახმარებით. არსებობს სამი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ ვიყრი კენჭს აშშ-ის პრეზიდენტად: პირველი მათგანი ერის სულის აღდგენაა, მეორე – ერის ხერხემლის აღდგენა, ხოლო მესამე – ერის გაერთიანებაა. ჩვენ ყოველთვის უკეთეს შედეგს ვაღწევთ, როდესაც ვმოქმედებთ, როგორც ერთიანი ამერიკა. დღეს მე მინდა ვისაუბრო ამ სამი მიზეზიდან მეორეზე – ამერიკის ხერხემლის აღდგენაზე. ნება მიბოძეთ გითხრათ მარტივად და მკაფიოდ – ეს ქვეყანა არ აუშენებია უოლ სტრიტის ბანკირებს, აღმასრულებელ დირექტორებსა და ფონდების მმართველებს. ის თქვენ ააშენეთ. ის ააშენა დიდმა ამერიკულმა საშუალო კლასმა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა შეხვედრისას.
პენსილვანიის შტატში ჯო ბაიდენის შეხვედრამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საშუალებით გააკრიტიკა.
„მძინარა ჯო ბაიდენი პირველ აქციას პენსილვანიის დიდ შტატში მართავს. მან აშკარად არ იცის, რომ პენსილვანიას ისტორიაში საუკეთესო ეკონომიკური წლები აქვს, უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკას ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში გამართულ ღონისძიებაზე უპასუხა და აღნიშნა, რომ დადებით ეკონომიკურ მაჩვენებლებს რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაზე გავლენა არ მოუხდენია.

„საფონდო ბირჟა ყვავის, თუმცა თქვენ ამას არ გრძნობთ. გასულ წელს გადასახადები შემცირდა ორი ტრილიონი დოლარით. იგრძენით ეს? რამე მიიღეთ აქედან? რა თქმა უნდა, არა. ყველაფერი ეს წავიდა იმ ადამიანებთან, რომლებიც ზემოთ არიან და კორპორაციებთან, რომლებიც არ იხდიან გადასახადებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
„ჩვენ – დემოკრატებმა და დამოუკიდებლებმა, რომლებიც ერთნაირ შეხედულებებს ვიზიარებთ, უნდა ავირჩიოთ იმედი შიშის ნაცვლად, ერთიანობა დაყოფის ნაცვლად და რაც მთავარია – სიმართლე სიცრუის ნაცვლად“, – დასძინა ბაიდენმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.