აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის წევრებმა გაასაჯაროეს ჯეფრი ეპშტეინის ელექტრონული მიმოწერა, რომელშიც ტრამპი რამდენჯერმე არის ნახსენები
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის წევრებმა გაასაჯაროეს ჯეფრი ეპშტეინის ელექტრონული მიმოწერა, რომელშიც ტრამპი რამდენჯერმე არის ნახსენები

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატიული პარტიის წევრებმა გაასაჯაროეს სექსუალურ სკანდალში მხილებული მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის ელექტრონული მიმოწერა, რომელშიც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენჯერმე არის ნახსენები.

მათი თქმით, აღნიშნული ელექტრონული მიმოწერა დარტყმა იქნება თეთრი სახლისთვის, რომელიც ეპშტეინის საქმეზე სიმართლის დამალვას ცდილობს.

კორესპონდენცია ჯეფრი ეპშტეინს, მის თანაშემწეს, გისლენ მაქსველსა და მწერალ მაიკლ უოლფს შორისაა. კომიტეტს 23 000-მდე დოკუმენტი ჯეფრი ეპშტეინის რეზიდენციამ მიაწოდა და ამჟამად მისი შესწავლა მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, ერთ-ერთ გასაჯაროებულ წერილში, რომელიც 2011 წლით თარიღდება, ეპშტეინი მაქსველს წერს, რომ ტრამპი „მის სახლში საათობით ატარებს დროს“ სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთან ერთად და ტრამპს მოიხსენიებს „ძაღლად, რომელიც არ იყეფება“.

როგორც უცხოური მედია წერს, კიდევ ერთ, 2019 წლით დათარიღებულ წერილში ეპშტეინი მწერალ მაიკლ უოლფს წერს, რომ ტრამპმა „იცოდა გოგონების შესახებ, რამდენადაც მან სთხოვა გისლენს გაჩერება“. სხვა წერილებში, რომლებიც ასევე უოლფსა და ეპშტეინს შორის კორესპონდენციას ასახავს, აღნიშნული პირები განიხილავენ, როგორი „პასუხები მოამზადონ“ ტრამპის CNN-თან მოსალოდნელი ინტერვიუსთვის, სადაც „მაიკლ უოლფი ტრამპზე ეპშტეინის გავლენას ახასიათებს“.

დონალდ ტრამპი ყოველთვის უარყოფდა ეპშტეინთან მიმართებით რაიმე კანონდარღვევის ჩადენას და აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ მოარული ჭორები დემოკრატიული პარტიის მიერაა აგორებული. მედია წერს, რომ დონალდ ტრამპი და ჯეფრი ეპშტეინი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ, თუმცა, ტრამპის განმარტებით, ისინი 2 000-იანი წლების დასაწყისიდან წაკამათდნენ და აღარ მეგობრობდნენ.

ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გასულ წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობადი პირის სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს დონალდ ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის. 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ, სხვა საქმეებთან ერთად, ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალებსაც გაასაჯაროებდა.