აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები აცხადებენ, რომ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი თანამდებობას თუ არ დატოვებს, მისი იმპიჩმენტის პროცედურებს დაიწყებენ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები აცხადებენ, რომ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი თუ თანამდებობას არ დატოვებს, მისი იმპიჩმენტის პროცედურებს დაიწყებენ.
ამის შესახებ აღნიშნულია წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერის, ჰაკიმ ჯეფრის, ქეთრინ კლარკისა და პიტ აგილარის ერთობლივ განცხადებაში.
„ძალადობა, რომელიც შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენტმა ამერიკელ ხალხზე დაუშვა, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. კრისტი ნოემი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დავიწყებთ იმპიჩმენტის პროცედურებს წარმომადგენელთა პალატაში. შეგვიძლია, ეს გავაკეთოთ მარტივად ან რთულად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც „სიენენი“ წერს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნოემის იმპიჩმენტს 213-ვე დემოკრატი დაუჭერს მხარს, მისი გადაყენებისთვის მაინც იქნება საჭირო რამდენიმე რესპუბლიკელის ხმა.
მედიის ცნობით, საშინაო უსაფრთხოების მდივნის მიმართ კრიტიკა სულ უფრო იზრდება მას შემდეგ, რაც მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტებმა აშშ-ის ორი მოქალაქე მოკლეს.