აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი - რესპუბლიკელებს აქვთ საკმარისი ხმები, რომ 3 თებერვლამდე მთავრობის ნაწილობრივი „შათდაუნი“ დაასრულონ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, რესპუბლიკელებს აქვთ საკმარისი ხმები, რომ 3 თებერვლამდე დაასრულონ მთავრობის ნაწილობრივი „შათდაუნი“.
„ჩვენ ყველაფერს სამშაბათამდე დავასრულებთ, დარწმუნებული ვარ. არ მესმის, რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს პრობლემა ამასთან დაკავშირებით? გახსოვდეთ, ეს უკვე მიღებული კანონპროექტებია. ეს ამ ეტაპზე ფორმალობაა“, – აღიშნავს ჯონსონი.
მაიკ ჯონსონის თქმით, მისი მიზანია, სამშაბათამდე ყველა სააგენტოს დაფინანსება, გარდა შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტისა. როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განმარტა, მისი აზრით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის პრაქტიკაში.
ცნობისთვის, აშშ-ის სენატის მიერ მთავრობის დაფინანსების პაკეტის დამტკიცების მიუხედავად, დაფინანსების ვადის ამოწურვის შედეგად აშშ-ში ნაწილობრივი „შათდაუნი“ დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით ღამის 00:00 საათზე ათობით ფედერალურ სააგენტოს დაფინანსება შეუწყდა, რამაც მთავრობის ნაწილობრივი დახურვა გამოიწვია.