აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესია დაგმეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესია დაგმეს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში თემაზე – Countering a Resurgent Russia მოსმენა გაიმართა.

მოსმენაზე მიწვეულნი იყვნენ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ნატო-ში აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, ბრუკინგის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ვიქტორია ნულანდი; ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, პოლონეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს წამყვანი მკვლევარი დანიელ ფრიდი და ომის შესწავლის ინსტიტუტის თავმჯდომარე, გენერალი ჯეკ კაინი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა და კონგრესმენებმა დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები, მათ შორის მისი მეზობლების – საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია. მათ ხაზი გაუსვეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას და ისაუბრეს მათი განხორციელების გზებზე.

როგორც მოსმენაზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელმა (დემოკრატი – ნიუ იორკი) განაცხადა, რუსეთის მიერ საკუთარ საზღვრებთან განხორციელებულმა, საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციამ შეარყია მშვიდობისა და სტაბილურობის მშენებლობის მიმართულებით ათწლეულების განმავლობაში გაწეული სამუშაო.

დანიელ ფრიდის წერილობით სიტყვაში კი აღნიშნულია, რომ „რუსეთის ამჟამინდელმა გაძლიერებამ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების, აშშ-ისა და ევროპის წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევისა და დეზინფორმაციის გზით, რუსეთის შიგნით და გარეთ მისი ოპონენტების წინააღმდეგ, მათ შორის მკვლელობებისა და მკვლელობების მცდელობების გზით, აგრესიის ფორმა მიიღო“.

„როგორც დავინახეთ რუსეთის თაობაზე აშშ-ის იმედიანი ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა. რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში მისი მეზობლის, საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრა იყო გაფრთხილება, რომელიც აშშ-მა სრულად ვერ აღიქვა. რუსეთის მიერ მხოლოდ 2014 წელს უკრაინაში შეჭრის, მათ შორის უკრაინის ყირიმის ანექსირების შემდეგ მოხდა აშშ-ისა და ნატო-ს მიერ უსაფრთხოების მოდალობების გადახედვა“, – განაცხადა დანიელ ფრიდმა.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს ხელი შეუშალოს მისი მეზობლების – საქართველოსა და უკრაინის თანამედროვე, წარმატებულ დემოკრატიებად ჩამოყალიბებასა და მათ ევროპასთან დაახლოებას.

„ისინი ქმნიან კონფლიქტებს, სასაზღვრო პრობლემებს, იტაცებენ ტერიტორიებს“, – აღნიშნა ფრიდმა.

მისი რჩევით, საჭიროა ამ ქვეყნების რეფორმატორთა დახმარება, რაშიც აშშ-ს კარგი გამოცდილება აქვს ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ გერმანელების, მოგვიანებით პოლონელების, ბალტიის ქვეყნებისა და რუმინელების წარმატებული დახმარების მაგალითების სახით.

კონგრესის წევრ ანნ ვაგნერის (რესპუბლიკელი – მისურის შტატი) განცხადებით, რუსეთმა ძირი გამოუთხარა მშვიდობასა და თავისუფლებას.

„დღეს რუსეთმა ძირი გამოუთხარა მშვიდობასა და თავისუფლებას, რაც ვიხილეთ მის მიერ განხორციელებულ ქმედებებში სირიაში, საქართველოსა და უკრაინაში, ასევე ჩვენს არჩევნებში ჩარევის სახით, ახლა კი, უკვე ვენესუელაში მიმდინარე პროცესების სახით“, – განაცხადა ანნ ვაგნერმა.

მისი თქმით, საქართველოში რუსეთი იყენებს სტრატეგიას – „მცოცავი ანექსია“.

„საქართველოში რუსეთი იყენებს სტრატეგიას, რომელსაც ვუწოდებ „მცოცავ ანექსიას”, რათა ჩუმად მიიტაცოს საქართველოს მეტი და მეტი სუვერენული ტერიტორია. დღეს რუსეთმა შეძლო საქართველოს, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტის სადავო ტერიტორიად გადაქცევა“, – აღნიშნა ვაგნერმა.

მან ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ ნატო-ს, ევროკავშირისა და აშშ-ის კოლექტიური ქმედებების განხორციელების საჭიროებას. იგი დაინტერესდა, რა უნდა გააკეთოს აშშ-მა, რომ პასუხი გასცეს რუსეთის მიერ საქართველოსადმი აგრესიას.

გენერალ კაინის განმარტებით კი, აშშ-მა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი საქართველოს დასახმარებლად. „გასულ წელს აშშ-მა საქართველოს სამხედრო ძალებს გადასცა ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართველებთან ერთად, რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრიდან 10 წლისთავზე გამართა უმნიშვნელოვანესი სამხედრო წვრთნები“, – განაცხადა გენერალმა.

გენერალი კაინი მიიჩნევს, რომ საჭიროა „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წაახალისოს ევროპელი მოკავშირეები, რომ აშშ-ის მსგავსად იყვნენ ჩართულნი საქართველოსთან მიმართებაში“. გენერალ კაინის თქმით, აშშ-ს აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა, ეკონომიკური და სამხედრო სიძლიერე, რომ წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესმენმა ტრონმა (დემოკრატი – მერილენდის შტატი) ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მისი საზღვრების გასწვრივ – მათ შორის საქართველოში, კონფლიქტებს თესავს, რათა დაბლოკოს ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანება. იგი დაინტერესდა, რა უნდა გააკეთოს ნატო-მ, რომ პასუხი გასცეს რუსეთის აგრესიას. კონგრესმენის კითხვის პასუხად, ხაზი გაესვა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის გაძლიერების საჭიროებას.

დატოვე კომენტარი