აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს ევროპის ქვეყნებისთვის ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირებაში დახმარების შესახებ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს ევროპის ქვეყნებისთვის ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირებაში დახმარების შესახებ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირებაში დახმარების შესახებ. ინიციატივას 391 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 24 იყო. სენატის მიერ დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში, ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება.

კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ აშშ-ი უნდა დაეხმაროს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომ მათ შეამცირონ ენერგოდამოკიდებულება ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც ენერგეტიკის სფეროს პოლიტიკური გავლენისთვის იყენებენ.

ერთ-ერთ ასეთ სახელმწიფო დოკუმენტში რუსეთის ფედერაციაა დასახელებული, რომელიც, კონგრესმენთა განცხადებით, იყენებს ბუნებრივ აირს სხვა ქვეყნების იძულების, დაშინებისა და მათზე გავლენის მოსახდენად.

ამერიკელი კანონმდებლები საჭიროდ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი დაეხმაროს ევროპას ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში.

დოკუმენტის თანახმად, ეს ერთი მხრივ, უნდა იყოს დიპლომატიური და პოლიტიკური მხარდაჭერა, ხოლო მეორე მხრივ – ენერგეტიკის სფეროში კონკრეტული პროექტების ფინანსური მხარდაჭერა.

კონგრესმენები გამოდიან ინიციატივით, გამოიყოს ერთი მილიარდი დოლარი ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირებას შეუწყობს ხელს.

ორი კვირის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჰიუსტონში ენერგეტიკულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ სურს, მისი ევროპელი მოკავშირეები რუსეთის ენერგორესურსებზე იყვნენ დამოკიდებულები.