აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფარგლებში ბრალდებები დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფარგლებში ბრალდებები დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეში მის წინააღმდეგ ბრალდებები დაამტკიცა. აშშ-ის პრეზიდენტს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. ორ ბრალდებას წარმომადგენელთა პალატამ ცალ-ცალკე უყარა კენჭი. კენჭისყრამდე კონგრესის ქვედა პალატაში თითქმის 12-საათიანი მწვავე დებატები გაიმართა.

პრეზიდენტისთვის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდების წარდგენას 230-მა
კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 197-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა თავი შეიკავა. რაც შეეხება კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლას, აღნიშნულ ბრალდებას წარმომადგენელთა პალატის 229 წევრმა მისცა ხმა, 198-მა – წინააღმდეგ.

საუბარია დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამაზე, რის გამოც წარმომადგენელთა პალატაში რამდენიმე თვის წინ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. დემოკრატების მტკიცებით, 2020 წლის არჩევნებისთვის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმიჯის შესალახად ტრამპი უკრაინის ხელისუფლებაზე ზემოქმედებას ცდილობდა, რათა ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება დაწყებულიყო.

მეორე ბრალდება უკავშირდება იმას, რომ დემოკრატების თქმით, დონალდ ტრამპმა იმპიჩმენტის ფარგლებში გამოძიებასთან არ ითანამშრომლა.

აშშ-ის პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს და მის წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ამგვარად, ბილ კლინტონისა და ენდრიუ ჯონსონის შემდეგ, დონალდ ტრამპი აშშ-ის მესამე პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა განხორციელდება.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტის პოსტზე დარჩენასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება სენატმა უნდა მიიღოს, სადაც ტრამპის თანაპარტიელები, რესპუბლიკელები უმრავლესობას ფლობენ. სენატში იმპიჩმენტის პროცედურა იანვარში დაიწყება.