აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია დაბლოკა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია დაბლოკა.
„სიბიეს ნიუსის“ ცნობით, კენჭისყრა იმ ფონზე გაიმართა, როდესაც კვლავ გააქტიურდა დისკუსია იმის შესახებ, აპირებენ თუ არა დემოკრატები ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას იმ შემთხვევაში, თუ ისინი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მოიპოვებენ.
რეზოლუციის დაბლოკვას მხარი 232-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი 147 იყო, 47-მა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
რეზოლუცია ტეხასელმა დემოკრატმა კონგრესმენმა ალ გრინმა წარადგინა. ის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნით არაერთხელ გამოვიდა. გრინის რეზოლუცია ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკასა და იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის უწყებების საქმიანობას ეხებოდა. კონგრესმენმა დოკუმენტში მაგალითად მოიყვანა ფედერალური საიმიგრაციო აგენტების მიერ რენე გუდის, ალექს პრეტის, ლორენცო სალგადო არაუხოსა და იოჰან სებასტიან დურან გერეროს მკვლელობები.