აშშ-ის წარმომადგენელი ჰადი ამრი თელ ავივში ჩავიდა
აშშ-ის წარმომადგენელი ჰადი ამრი თელ ავივში ჩავიდა

აშშ-ის წარმომადგენელი ჰადი ამრი თელ ავივში ჩავიდა. ამერიკელი დიპლომატი მონაწილეობას მიიღებს ისრაელის, პალესტინელებისა და გაერო-ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად.

ორმხრივი იერიშები ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის კვლავ გრძელდება.

როგორც „ბიბისი“ იტყობინება შაბათს დილით ისრაელმა ავიადარტყმები განახორციელა ღაზას სექტორში, პაკესტინელმა მებრძოლებმა კი რაკეტები გაუშვეს ისრაელის მიმართულებით. ორშაბათს დაწყებულ საომარ მოქმედებებს ღაზას სექტორში 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 31 ბავშვი. რვა ადამიანია გარდაცვლილი ისრაელში, სადაც მსხვერპლთა შორის ორი ბავშვია.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ კონფლიქტის დაწყებიდან, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტაა გაშვებული. მათი უმეტესობა საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა გააუვნებელყო.

ამასთან, ისრაელის მხარის ცნობით, საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზას სექტორში განადგურებულია ასობით სამიზნე, მათ შორის „ჰამასის“ სადაზვერვო ცენტრი და სხვა სამხედრო სტრუქტურები.