აშშ-ის ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი ეპშტეინთან კავშირს უარყოფს, თუმცა კუნძულზე მასთან ერთად სადილს ადასტურებს
აშშ-ის ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი ეპშტეინთან კავშირს უარყოფს, თუმცა კუნძულზე მასთან ერთად სადილს ადასტურებს

აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა, რომლის სახელიც ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს, ჯეფრი ეპშტეინთან ყოველგვარი კავშირი უარყო.

როგორც ეპშტეინის ყოფილმა მეზობელმა, ლუტნიკმა სენატის მოსმენაზე განაცხადა, ეპშტეინთან ურთიერთობა არ ჰქონია და 14 წლის მანძილზე მასთან მხოლოდ რამდენჯერმე ელექტრონული მიმოწერა აკავშირებდა.

„ამ მილიონობით დოკუმენტიდან, შესაძლოა, იყოს სულ რაღაც 10-მდე ელექტრონული წერილი, რომელიც მასთან 14-წლიანი პერიოდის განმავლობაში მაკავშირებდა. მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. ამ ადამიანთან საერთო თითქმის არაფერი მქონდა“, – განაცხადა ლუტნიკმა.

ამავდროულად, აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა დაადასტურა, რომ ეპშტეინის კუნძულზე მეუღლესა და შვილებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც გარდაცვლილ ფინანსისტთან ერთად ისადილა.

„ჩვენ ვისადილეთ კუნძულზე ერთი საათის განმავლობაში, ეს სიმართლეა. შემდეგ კი ჩემს შვილებთან, ძიძებთან და მეუღლესთან ერთად წამოვედი. ოჯახურ შვებულებაში ვიმყოფებოდით. არ მახსოვს, რატომ გავაკეთეთ ეს“, – განაცხადა ჰოვარდ ლუტნიკმა.

ამასთან, აშშ-ის ვაჭრობის მდივანს თეთრ სახლში სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის თქმით, ჰოვარდ ლუტნიკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდის მნიშვნელოვან წევრად რჩება.

„მდივანი ლუტნიკი პრეზიდენტ ტრამპის გუნდის ძალიან მნიშვნელოვან წევრად რჩება და პრეზიდენტი მას სრულად უჭერს მხარს“, – განაცხადა ლევიტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.