აშშ-ის ვაჭრობის მდივანი აცხადებს, რომ ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს
აშშ-ის ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი აცხადებს, რომ ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.
„მოლაპარაკებები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღესაც მთელი დღეა, ვსაუბრობთ, ერთად ბევრ დროს ვატარებთ“ , – განაცხადა ლუტნიკმა.
მაისში, ჟენევაში, მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე სრულმასშტაბიანი სავაჭრო ემბარგოსგან უკან დახევაზე შეთანხმების შემდეგ, ახლა ორივე მხარე ცდილობს, ექსპორტის საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს.
თეთრი სახლის ეკონომიკურმა მრჩეველმა, კევინ ჰასეტმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია, გააუქმოს ახლახან დაწესებული ექსპორტზე კონტროლი ისეთ საქონელზე, როგორიცაა ნახევარგამტარები, თუ ჩინეთი დააჩქარებს იშვიათი ლითონებისა და წიაღისეული მინერალების მიწოდებას, რომლებიც მისი ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.