აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ნება დართო ტრამპის ადმინისტრაციას, გამოიყენოს ომისდრონდელი „უცხო მტრების აქტი“ კრიმინალური დაჯგუფებების სავარაუდო წევრების სწრაფი დეპორტაციისთვის
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ნება დართო ტრამპის ადმინისტრაციას, გამოიყენოს ომისდრონდელი „უცხო მტრების აქტი“ კრიმინალური დაჯგუფებების სავარაუდო წევრების სწრაფი დეპორტაციისთვის

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ნება დართო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, გამოიყენოს ომისდრონდელი „უცხო მტრების აქტი“ კრიმინალური დაჯგუფებების სავარაუდო წევრების სწრაფი დეპორტაციისთვის.

მანამდე, 15 მარტს ქვედა ინსტანციის სასამართლომ დროებით შეაჩერა ვენესუელური დაჯგუფების წევრების დეპორტაცია.

ამასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ მიგრანტებს უნდა მიეცეთ დეპორტაციის გასაჩივრების საშუალება და მათ დეპორტაციის შეტყობინება გონივრულ ვადებში უნდა მიიღონ.

დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ამერიკაში მართლმსაჯულებისთვის დიდი დღე უწოდა.

„უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა კანონის უზენაესობას ჩვენს ქვეყანაში და ნება დართო პრეზიდენტს, ვინც არ უნდა იყოს ის, ჰქონდეს შესაძლებლობა, უზრუნველყოს ჩვენი საზღვრების უსაფრთხოება და დაიცვას ჩვენი ოჯახები და თავად ჩვენი ქვეყანა“, – დაწერა მან თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

ამასთან, უზენაესი სასამართლოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ხუთი მიგრანტის სახელით „ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირის“ (ACLU) მიერ შეტანილი სარჩელი არასწორად იყო წარდგენილი ვაშინგტონში. საჭირო იყო მისი ტეხასში წარდგენა, სადაც იმყოფებოდნენ მიგრანტები. ამგვარად, ორგანიზაცია სასამართლო დავის ხელახლა დაწყებას შეძლებს. ACLU-მ სასამართლოს დადგენილებას გამარჯვება უწოდა.

„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ სასამართლო პროცესის ხელახლა, სხვა ადგილას დაწყება მოგვიწევს, თუმცა კრიტიკული პუნქტია ის, რომ უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პირები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი სამართლებრივი პროცედურით, რათა გაასაჩივრონ „უცხო მტრების აქტის“ ფარგლებში მათი დეპორტაცია“, – განაცხადა „ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირის“ წარმომადგენელმა, ლი გელერნტმა.