აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაუშვა ტეხასის შტატში ახალი საიმიგრაციო კანონის ამოქმედება, რომელიც საზღვრის უკანონო კვეთისთვის მიგრანტების დაკავებას ითვალისწინებს
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაუშვა ტეხასის შტატში ახალი საიმიგრაციო კანონის ამოქმედება, რომელიც საზღვრის უკანონო კვეთისთვის მიგრანტების დაკავებას ითვალისწინებს

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაუშვა ტეხასის შტატში ახალი საიმიგრაციო კანონის ამოქმედება, რომელიც საზღვრის უკანონო კვეთისთვის მიგრანტების დაკავებას ითვალისწინებს.

აღნიშნული კანონპროექტი ტეხასის შტატის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა დაამტკიცა, თუმცა კანონის მიღება უფლებადამცველებმა გაასაჩივრეს, რის შემდეგაც ის ქვედა ინსტანციის სასამართლომ დაბლოკა. ახლა კი, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონის ამოქმედებას შეძლებენ.

კანონი ადგილობრივ პოლიციას საშუალებას მისცემს, დააკავონ და ბრალი წაუყენონ მათ, ვინც ეჭვმიტანილია აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.

კანონის თანახმად, პოლიციის თანამშრომლებს შეეძლებათ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, გააჩერონ და დააკავონ ნებისმიერი ეჭვმიტანილი ნებისმიერ ადგილას, გარდა სკოლების, ჯანდაცვის დაწესებულებებისა და ღვთისმსახურების ადგილებისა.

დანაშაულისთვის სასჯელი შეიძლება, იყოს 2 000 დოლარამდე ჯარიმა ან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ეს დამოკიდებული იქნება კონკრეტული პირის კრიმინალურ ისტორიაზე.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კანონს არაკონსტიტუციური უწოდა.