აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის მშენებლობა გაგრძელდება, ვიდრე სასამართლო საქმის სრულ განხილვას დაასრულებს
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის მშენებლობის დროებით გაგრძელების უფლება გასცა.
მოსამართლის მიერ გამოცემული დროებითი ბრძანების მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 400 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი გაგრძელდება, ვიდრე სასამართლო საქმის სრულ განხილვას დაასრულებს.
საქმე თავდაპირველად ისტორიული ძეგლების დაცვის ორგანიზაციამ აღძრა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მშენებლობა თუ დაუყოვნებლივ არ შეჩერდებოდა, ზიანი შეუქცევადი გახდებოდა. შემდეგ ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ მიმდინარე თვის დასაწყისში მშენებლობის შეჩერების ბრძანება გასცა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპს კონგრესის თანხმობის გარეშე ცვლილებების შეტანის უფლება არ აქვს. მან ადმინისტრაციას გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ორი კვირა მისცა.
აშშ-ის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ თეთრ სახლს დიდი ზომის სივრცე სჭირდება ღონისძიებებისთვის. იურისტების არგუმენტით, დამატებითი უსაფრთხოების კომპლექსი საჭიროა თეთრი სახლის დრონების, ბალისტიკური რაკეტებისა და სხვა საფრთხეებისგან დასაცავად, რაც აუცილებელია პრეზიდენტის, მისი ოჯახისა და პერსონალის უსაფრთხოებისთვის.
პროექტი თავდაპირველად 650-ადგილიან დარბაზს ითვალისწინებდა, შემდეგ კი დაახლოებით 1 000 ადგილამდე გაიზარდა. პროცესში მთლიანად დაინგრა შენობის აღმოსავლეთ ფრთა.