აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო მანქანა გადასცა
აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო მანქანა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისისგან (US ODC), საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, „რენოს“ მარკის სახანძრო მანქანა გადაეცა.

შსს-ს ინფორმაციით, ავტომობილი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოყენება შესაძლებელია ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებისთვის.

ავტომანქანა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს გადაეცემა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მოემსახურება.

ავტომობილის გადაცემის ცერემონია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, აშშ-ის ელჩის მოადგილე კატრინ შულცი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე სტეფანი ბიგლი და US ODC საქართველოს ოფისის უფროსი ჯოზეფ ბილბაო.

სტუმრებმა ახალ სახანძრო მანქანასთან ერთად დაათვალიერეს „ტოიოტა ლენდ-კრუიზერის“ მარკის სპეციალიზებული ავტომობილები. უწყებაში განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს US ODC-თან თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ 6 ერთეული მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცა.