აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პენტაგონის თანამშრომლებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა მოსთხოვა
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პენტაგონის თანამშრომლებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა მოსთხოვა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ შანაჰანმა პენტაგონის თანამშრომლებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა მოსთხოვა. ამის შესახებ „სიენენი“ იუწყება.

როგორც პატრიკ შანაჰანმა განაცხადა, პენტაგონის ყველა თანამშრომელმა დადო ფიცი, რომ აშშ-ის კონსტიტუციას დაიცავენ.

შანაჰანის ამ განცხადების შესახებ საუბარია მის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ მემორანდუმში. ეს დოკუმენტი პენტაგონში დასაქმებულებმა და საზღვარგარეთ მყოფმა თანამშრომლებმაც მიიღეს.

„პენტაგონის თანამშრომლებმა, როგორც სამხედროებმა, ისე სამოქალაქო პირებმა, დადეს ფიცი, რომ დაიცავენ აშშ-ის კონსტიტუციას. ჩვენი მისიაა ქვეყნის დაცვა და ეს მისია აპოლიტიკურია“, – აცხადებს შანაჰანი.

მანამდე, პატრიკ შანაჰანმა დაადასტურა, რომ თეთრი სახლი იაპონიაში დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს ითხოვდა, პრეზიდენტის თვალთახედვის არეში გემი „ჯონ მაკკეინი“ არ მოხვედრილიყო. აშშ-ის პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლებმა დაურეკეს იაპონიაში დისლოცირებულ აშშ-ის მეშვიდე ფლოტის სარდლობას და უბრძანეს, რომ „გემი „ჯონ მაკკეინი“ გაიყვანონ“.

როგორც შანაჰანმა განაცხადა, თანამშრომლებისთვის გაგზავნილი მემორანდუმი იმის შეხსენებაა, რომ „აშშ-ის შეიარაღებული ძალები არ იქნება პოლიტიზებული“.