აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე - საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 10 000 რუსი სამხედროა დისლოცირებული
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე - საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 10 000 რუსი სამხედროა დისლოცირებული

საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 10 000 რუსი სამხედროა დისლოცირებული, – ეს განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ლორა კუპერმა, თბილისის საერთაშორისო კონფრენციაზე გამოსვლისას გააკეთა.

​ლორა კუპერის თქმით, რუსეთი 10 წელიწადზე მეტია, ახდენს სამხედრო ძალების მოდერნიზაციას, თუმცა აშშ-ს აქვს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომ მსგავს გამოწვევებს პასუხის გაეცეს.

„რუსეთმა შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია 10 წლის წინ და უფრო ადრეც დაიწყო. ჩვენ ვხედავთ, რუსეთის ძალებს აქ, საქართველოში. საქართველოში დაახლოებით 10 000 რუსი ჯარისკაცი იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ასევე ვხედავთ ყირიმის ნახევარკუნძულს, სადაც რუსეთს უამრავი შეიარაღება აქვს. წყალქვეშა ნავები, სამხედრო ხომალდები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ა.შ. ე.წ. ფრონტის ხაზზე მდებარე ქვეყნები რომლებზეც ამდენს ვსაუბრობთ, არიან რუსეთის მოდერნიზაციის თვითმხილველები. უფრო მეტიც, რუსეთი ახდენს ინვესტიციებს კიბერ სფეროშიც. ჩვენ გვახსოვს შარშან მარტში პუტინის გამოსვლა, სადაც მან ისაუბრა რუსეთის შეირაღებული ძალების ახალ შესაძლებლობებზე. ეს მომავალის საქმეა, მაგრამ მათზე მუშაობა უკვე დღეს მიმდინარეობს. ისეთი ტექნიკა, როგორიცაა მაგალითად ბირთვული იარაღით აღჭურვილი კონტინენტთაშორისი წყალქვეშა დრონი, ქალაქზე ან პორტზე თავდასხმის შემთხვევაში, მნიშვნელოვან რადიაქტიურ ტალღას გამოიწვევს. ჩვენ გვაქვს გვაქვს შესანიშნავი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც მოგვიწოდებს სერიოზულად მივუდგეთ დიდ სახელმწიფოებთან კონკურენციას. სტრატეგიაში გაწერილია, თუ როგორი პასუხი უნდა გვქონდეს რუსეთში სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაზე და როგორ უნდა გავაძლიეროთ ნატო, რათა შევაკავოთ აგრესიის გაგრძელება“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ.