აშშ-ის თავდაცვის მდივანი - საპროტესტო აქციებზე ძალადობის აღსაკვეთად მოქმედი სამხედროების გამოყენებას მხარს არ ვუჭერ
აშშ-ის თავდაცვის მდივანი - საპროტესტო აქციებზე ძალადობის აღსაკვეთად მოქმედი სამხედროების გამოყენებას მხარს არ ვუჭერ

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, მას მიაჩნია, რომ საპროტესტო აქციებზე ძალადობის აღსაკვეთად აქტიური სამხედროების ჩართვა არ არის საჭირო.

ეს განცხადება მან ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე პენტაგონში გააკეთა. მისი თქმით, მსგავს სიტუაციებში საუკეთესო გამოსავალი ეროვნული გვარდიის დახმარებაა.

„სამართალდამცველების დასახმარებლად მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების გამოყენება უკიდურეს შემთხვევაში და ყველაზე რთულ სიტუაციაში უნდა მოხდეს. ჩვენ ახლა ასეთ სიტუაციაში არ ვართ. მე არ ვუჭერ მხარს სამხედროების ჩართვის მიზნით შესაბამისი კანონის გამოყენებას“, – განაცხადა მარკ ესპერმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ასევე თქვა, რომ რასიზმი აშშ-ში არსებობს და მას ერთად უნდა ებრძოლონ.

„რასიზმი აშშ-ში არსებობს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა ეს ვაღიაროთ, შევეწინააღმდეგოთ მას და აღმოვფხვრათ“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ გუბერნატორები უფრო ხისტად არ იმოქმედებენ აშშ-ში წესრიგის დასაცავად, მაშინ ის მზად არის, ამ მიზნით სამხედროების გამოიყენოს.

აშშ-ში უკვე ერთ კვირაზე მეტია, პოლიციის ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება, რომლებიც ძალადობასა და ძარცვაში გადაიზარდა.

დემონსტრაციები მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.

დატოვე კომენტარი