მედიის ცნობით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარესა და რუსეთის გენშტაბის უფროსს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
მედიის ცნობით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარესა და რუსეთის გენშტაბის უფროსს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალმა მარკ მილიმ და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ტელეფონით ისაუბრეს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„სამხედრო მაღალჩინოსნებმა იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც მათ შეშფოთებას იწვევს“, – ნათქვამია განაცხადებაში, რომელსაც ამერიკული მხარე ავრცელებს.

ამერიკელი გენერალი მარკ მილი დღესვე ასევე ესაუბრა თავის უკრაინელ კოლეგას.

აღსანიშნავია, რომ ეს საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან დამატებით ძალებს აგზავნის.

პენტაგონში განაცხადეს, რომ „მათ იციან უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნების მიერ გავრცელებული ცნობების შესახებ, რომ რუსული ძალები უკრაინის საზღვრებზე გადაადგილდებიან“.

„ჩვენ განვიხილავთ დაძაბულობის ესკალაციას, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხების დარღვევებს და რეგიონულ დაძაბულობას ნატო-ს მოკავშირეებთან“ , – განაცხადეს პენტაგონში.