აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა ლიდერი ჯონ ტუნი აცხადებს, რომ რუსეთისთვის სანქციების პაკეტს გადადებს
აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა ლიდერი ჯონ ტუნი აცხადებს, რომ რუსეთისთვის სანქციების პაკეტს გადადებს.
აღნიშნული განცხადება ჯონ ტუნმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დონალდ ტრამპმა რუსეთის მიმართ მკაცრი ზომების გატარება დააანონსა.
„როგორც ჩანს, ახლა პრეზიდენტი აპირებს ამის გაკეთებას დამოუკიდებლად. თუ გარკვეულ მომენტში პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ ეს გონივრულია და დაამატებს ბერკეტებს, რაც მას სჭირდება ამ მოლაპარაკებებში კანონპროექტის განსახილველად, მაშინ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ მზად ვიქნებით“, – განაცხადა ჯონ ტუნმა.
სენატორების – ლინდსი გრემისა და რიჩარდ ბლუმენტალის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელსაც 85 თანაავტორი ჰყავს, დონალდ ტრამპს უფლებას მისცემს, სულ მცირე, 500-პროცენტიანი მეორადი ტარიფები დააწესოს იმპორტირებულ საქონელზე ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ჩინეთი, ბრაზილია და ინდოეთი, რომლებიც კვლავ ვაჭრობენ რუსეთთან.
ერთობლივ განცხადებაში გრემმა და ბლუმენტალმა შეაქეს როგორც ტრამპის ტარიფების მუქარა, ასევე მისი გეგმა, მიჰყიდოს აშშ-ში წარმოებული იარაღი ნატო-ს უკრაინისთვის გადასაცემად.
„ომის დასასრულებლად საბოლოო დარტყმა იქნება ტარიფები ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია, რომლებიც პუტინის საომარ მანქანას იაფი რუსული ნავთობისა და გაზის შეძენით უჭერენ მხარს“, – განაცხადეს სენატორებმა.