აშშ-ის სენატში რესპუბლიკელები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე მოსმენების გადადებას ითხოვენ
აშშ-ის სენატში რესპუბლიკელები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე მოსმენების გადადებას ითხოვენ

აშშ-ის სენატში რესპუბლიკელები ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე მოსმენების დაწყების გადადებას ითხოვენ.

ტრამპის თანაპარტიელების განმარტებით, ეს ყოფილ პრეზიდენტს პროცესისთვის მომზადებისთვის დროს მისცემს.

კერძოდ, სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა, მიტჩ მაკკონელიმ წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებს თხოვნით მიმართა, 28 იანვრამდე გადადონ იმპიჩმენტის მუხლის სენატისთვის გაგზავნა. ამგვარად, ყოფილ პრეზიდენტს პროცესისთვის მოსამზადებლად ვადა დამატებით ორი კვირა – 11 თებერვლამდე ექნება.

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ამბოხისკენ წაქეზებისთვის ბრალი მას შემდეგ წაუყენა, რაც მისი მომხრეები კაპიტოლიუმში შტურმით შეიჭრნენ.

იმის იუხედავად, რომ ტრამპი პრეზიდენტის თანამდებობას აღარ იკავებს, სენატში იმპიჩმენტის პროცესის გაგრძელება შესაძლებელია. ამასთან, სენატში შესაძლოა, გაიმართოს კენჭისყრა დონალდ ტრამპისთვის სახელმწიფო თანამდებობის დაკავების აკრძალვის საკითხზე.