აშშ-ის სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ სანქციების აღდგენას ითხოვენ
აშშ-ის სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ სანქციების აღდგენას ითხოვენ

აშშ-ის სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ სანქციების აღდგენას ითხოვენ. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

რესპუბლიკელმა სენატორმა, კევინ კრამერმა, სოციალურ გვერდ „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია კანონპროექტის ინიცირების შესახებ, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გაუქმებისკენ არის მიმართული.

სენატორის განცხადებით, პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გეოპოლიტიკური გამარჯვების საშუალებას აძლევს. კრამერის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია გერმანიის მცდარ სტრატეგიას იზიარებს, რაც პუტინს ევროპაზე კონტროლის დამყარების საშუალებას მისცემს.

კევინ კრამერის გარდა, სანქციების აღდგენის დოკუმენტზე 13-მა კანონმდებელმა მოაწერა ხელი.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, ერთი დღის წინ შეაჩერა სანქციები გაზსადენის პროექტის ოპერატორი კომპანიის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2 AG“-ის და დირექტორის, მატიას ვარნიგის მიმართ.