აშშ-ის სენატმა სკოტ ბესენტი სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა სკოტ ბესენტი სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, 29 წინააღმდეგი იყო.
62 წლის ბესენტს არ აქვს მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება. ამჟამად ის ხელმძღვანელობს საინვესტიციო ფონდ Key Square Management-ს.
2011-დან 2015 წლამდე ის მთავარი საინვესტიციო დირექტორის თანამდებობას იკავებდა Soros Fund Management-ში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო მართვის ფონდი, რომელიც მაგნატმა ჯორჯ სოროსმა დააფუძნა. Soros Fund Management-ი, სხვა პროექტებთან ერთად, აფინანსებდა „ღია საზოგადოების“ ფონდების (Open Society Foundations) ზოგიერთ პროექტს.
ცნობისთვის, სენატში გამართულ მოსმენაზე ბესენტმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები „საკმარისად გულუხვი არ იყო“ და ის სრულად დაუჭერს მხარს რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას.