აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც უკრაინის დასახმარებლად მეორე მსოფლიო ომის დროინდელი „ლენდ-ლიზის“ პროგრამის აღდგენას ითვალისწინებს
აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც უკრაინის დასახმარებლად მეორე მსოფლიო ომის დროინდელი „ლენდ-ლიზის“ პროგრამის აღდგენას ითვალისწინებს

აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო კანონი, რომელიც აღადგენს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ პროგრამას. აღნიშნული პროგრამა, რომელიც ჰიტლერის დამარცხებაში დაეხმარა მსოფლიოს,  უკრაინისთვის იარაღისა და სხვა ტვირთების უფრო ეფექტიანად გაგზავნას ითვალისწინებს.

„ლენდ-ლიზის“ სახელით ცნობილი პროგრამა მერე მსოფლიო ომის დროს გარდამტეხ მომენტად განიხილებოდა, რადგან მან საშუალება მისცა აშშ-ს უფრო სწრაფად შეავსოს მოკავშირეების მარაგები ხანგრძლივი პროცედურების გარეშე.

როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ კანონმდებლები მიმართავენ ექსტრაორდინარულ ტაქტიკას, რომელიც ბოლოს მე-20 საუკუნის გლობალური კონფლიქტის დროს გამოიყენებოდა, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ აშშ-სა და მის ევროპელ მოკავშირეებს სჯერათ, რომ რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში წარმოადგენს ლიბერალური წესრიგისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს. ეს ასევე არის იმის მანიშნებელი, რომ დასავლურ მსოფლიოს სჯერა, რომ უკრაინას შეუძლია გამარჯვება რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„პოლიტიკოს“ ცნობით, „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი“ დააჩქარებს უკრაინისთვის კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობის და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების მიწოდებას ბიუროკრატიული პროცედურის შემცირებით. საკანონმდებლო აქტი აშშ-ის აჭურვილობის დე ფაქტო ჩუქების საშუალებას აძლევს იმის დათქმით, რომ მიმღები ქვეყნები მის საფასურს მოგვიანებით გადაიხდიან.

„უკრაინაში გაჩაღებული ომის ფონზე, სამხედრო დახმარების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდება არის გადამწყვეტი უკრაინისთვის, რათა მან შეძლოს დაიცვას საკუთარი თავი პუტინის არაპროვოცირებული თავდასხმებისგან. კრემლი საშინელ თავდასხმებს ახორციელებს მთელ ქვეყანაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და სამიზნეში ჰყავს უდანაშაულო კაცები, ქალები და ბავშვები“, – განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.