აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებების გამო, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს
აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებების გამო, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს

აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს მისი ქმედებებისთვის ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში, რასაც შედეგად მოჰყვა უამრავი უდანაშაულო მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილი. შესაბამისი დოკუმენტი სენატის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, ანალოგიური რეზოლუცია წარდგენილია წარმომადგენელთა პალატაში და როგორც მოსალოდნელია, მისი აქტიური მხარდამჭერია სპიკერი ნენსი პელოსი. თუმცა, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების უფლებამოსილება სახელმწიფო დეპარტამენტს გააჩნია.

აშშ-ის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.

„იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტ პუტინის მითითებით რუსეთის ფედერაცია ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში სამოქალაქო ცენტრების მისამართით განურჩეველი ცეცხლის გახსნას ხელმძღვანელობდა და გასცემდა განკარგულებას, რასაც შედეგად მოჰყვა უამრავი უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილი; ასევე იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა მთელ უკრაინაში უდანაშაულო მშვიდობიანი მცხოვრებლები მასობრივად სიკვდილით დასაჯეს და თავიანთი სისასტიკეების მასობრივი სამარხებით დამალვა სცადეს, სენატი განიხილავს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით რუსეთის მთავრობის ქმედებებს, როგორც ტერორისტული აქტების დაფინანსებას; ასევე, მოუწოდებს სახელმწიფო მდივანს, შეიყვანოს რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში“, – ნათქვამია რეზოლუციაში.