აშშ-ის სენატმა ენტონი ფაუჩი კონგრესის უპატივცემულობაში დაადანაშაულა
აშშ-ის სენატმა ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ენტონი ფაუჩი კონგრესის უპატივცემულობაში დაადანაშაულა. კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც ფაუჩიმ უარი თქვა, ეპასუხა კანონმდებლების კითხვებზე, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის მართვაში მისი როლის შესწავლას ეხებოდა.
„ბიბისის“ ცნობით, კენჭისყრის შედეგი კომიტეტს შესაძლებლობას აძლევს, საქმე იუსტიციის დეპარტამენტს გადასცეს, რათა განიხილონ კონგრესის სავალდებულო გამოძახებაზე დაუმორჩილებლობის გამო ფაუჩის შესაძლო სისხლისსამართლებრივი დევნა. ამ ეტაპზე უცნობია, დაიწყებს თუ არა იუსტიციის დეპარტამენტი ამ საქმეზე სამართლებრივ პროცედურას.
გასულ კვირას გამართულ მოსმენაზე ფაუჩიმ 100-ზე მეტჯერ გამოიყენა აშშ-ის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ.
კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ფაუჩის ადვოკატმა პროცესს „უხეში პოლიტიკური სპექტაკლი“ უწოდა, რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავს ფაუჩის დასჯას იმისთვის, რომ მან კონსტიტუციური უფლება გამოიყენა.
„ბიბისი“ წერს, რომ პანდემიის წარმოშობა აშშ-ში დღემდე მწვავე პოლიტიკური და სამეცნიერო დებატების საგანია. ამ საკითხზე განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს, მათ შორის ენტონი ფაუჩისაც.
სენატორი რენდ პოლი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ფაუჩი ცდილობდა COVID-19-ის წარმოშობის დამალვას და მისი უწყება აფინანსებდა კვლევებს ჩინეთის ქალაქ უჰანის ლაბორატორიაში, სადაც, ერთ-ერთი ვერსიით, პანდემია ლაბორატორიაში ვირუსის გაჟონვის შედეგად დაიწყო.
მეცნიერთა უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ ვირუსის ყველაზე სავარაუდო წარმოშობა ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტი იყო.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2025 წელს, პრეზიდენტობის ბოლო დღეს ფაუჩი წინასწარ შეიწყალა, რაც ფაუჩის 2014-2025 წლებში განხორციელებული ქმედებების გამო ფედერალური სისხლისსამართლებრივი დევნისგან იცავს.
თუმცა კვლავ შეიძლება, ფაუჩის ბრალი წაუყენონ 2025 წლის შემდეგ ჩადენილი შესაძლო ქმედებების გამო, მათ შორის კონგრესის უპატივცემულობისთვის. ასევე, შეწყალება არ ვრცელდება შტატების ან ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლო ბრალდებებზე.