აშშ-ის სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, დოკუმენტი ითვალისწინებს უკრაინისა და საქართველოს ფინანსურ დახმარებას
აშშ-ის სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, დოკუმენტი ითვალისწინებს უკრაინისა და საქართველოს ფინანსურ დახმარებას

აშშ-ის სენატმა მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, სადაც უკრაინისთვის თითქმის 45 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებაა გათვალისწინებული. „როიტერის“ ინფორმაციით, დოკუმენტს მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, 29 კი წინააღმდეგი წავიდა.

კანონპროექტში უკრაინის სამხედრო დახმარებაზე 23,5 მილიარდი დოლარია გათვლილი. საერთო ჯამში კი, უკრაინის ომთან დაკავშირებული მუხლი, რომელიც მოიცავს სამხედროების წვრთნას, აღჭურვას, ლოჯისტიკას, სადაზვერვო მხარდაჭერას და ასევე მარაგების შევსებას, ითვალისწინებს 44,9 მილიარდი დოლარის გამოყოფას.

ამასთან ერთად, აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის, დახმარების სახით, არანაკლებ 132 მილიონ 25 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

ბიუჯეტი სულ 1,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ახლა ის დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატას უნდა გადაეგზავნოს. შემდეგ კი მას ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.

ბიუჯეტის დამტკიცებამდე სენატმა ასევე დაამტკიცა შესწორება, რომელიც რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ფინანსური აქტივების გასხვისებით მიღებული შემოსავალის უკრაინისთვის გადაცემას ითვალისწინებს.