აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა 2020 ფისკალური წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა - დოკუმენტი ხელს უწყობს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან
აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა 2020 ფისკალური წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა - დოკუმენტი ხელს უწყობს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან

აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა 2020 ფისკალური წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში საქართველოს შესახებაც არის საუბარი. კერძოდ, „ალიანსების გაძლიერებისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების“ პუნქტში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორები ამერიკის სიძლიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ რჩება.

„ეს ურთიერთობები აუცილებელია საერთო უსაფრთხოების, ინტერესებისა და ფასეულობების დასაცავად. ეროვნული თავდაცვის აქტი აძლიერებს მთავარ მოკავშირეებსა და პარტნიორებს, რომლებიც ეროვნული თავდაცვის სტრატეგიით ხელმძღვანელობენ, რათა მხარი დაუჭირონ აშშ-ის ინტერესებს მსოფლიოში, შეაკავონ აგრესია და ეფექტურად ჩაერთონ სტრატეგიულ კონკურენციაში. კანონმდებლობა ხელს უწყობს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოს რესპუბლიკასთან”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, 300 მილიონ დოლარამდე გაიზრდება უკრაინის დაფინანსება შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გაფართოების ხელშეწყობისთვის, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელთან შედარებით, 50 მილიონი დოლარით მეტია.

კანონპროექტი აშშ-ის თავდაცვაზე 750 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ამ თანხიდან 23.2 მილიარდი ენერგეტიკის დეპარტამენტის სამხედრო პროგრამებისთვის არის გამოყოფილი. ასევე იგეგმება 75.9 მილიარდი დოლარის გამოყოფა საზღვარგარეთ გაუთვალისწინებელ ოპერაციებზე. 10 მილიარდი დოლარი F-35 ტიპის 94 ერთეული თვითმფრინავის შესაძენად არის გათვალისწინებული. 24 მილიარდი 12 ახალი სამხედრო ხომალდის მშენებლობაზე დაიხარჯება.

დოკუმენტი სენატმა უნდა განიხილოს, მისი დამტკიცების შემდეგ კანონპროექტს ხელს პრეზიდენტი მოაწერს.