აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანი აცხადებს, რომ მინეაპოლისში მომხდარი შემთხვევის ფონზე, დონალდ ტრამპმა „ამბოხების აქტის“ გამოყენების შესაძლებლობა განიხილა
დონალდ ტრამპმა განიხილა „ამბოხების აქტის“ გამოყენება, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, – ამის შესახებ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა.
ნოემის თქმით, ალექს პრეტს, მამაკაცს, რომელსაც გუშინ ფედერალურმა აგენტებმა ესროლეს და მოკლეს, საპროტესტო აქციაზე იარაღი არ უნდა ჰქონოდა.
„ინციდენტის დროს აგენტებს, ცხადია, ეშინოდათ და მიიღეს ზომები საკუთარი თავის და მათ გარშემო მყოფი ადამიანების დასაცავად“, – განაცხადა ნოემმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილება თუ არა „ამბოხების აქტის“ გამოყენება – კანონის, რომელიც პრეზიდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს, გამოიყენოს ქვეყნის შიგნით ფედერალური სამხედრო ძალები, თუ შტატში ხელისუფლება ვერ აკონტროლებს მასობრივ არეულობას, ძალადობას ან ამბოხებას, ნოემმა უპასუხა, რომ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია.
„ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. მას აქვს ამის გაკეთების კონსტიტუციური უფლება. მან ეს, რა თქმა უნდა, განიხილა. ჩვენ გვქონდა დისკუსიები“, – განაცხადა ნოემმა.
ცნობისთვის, მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი. მინეაპოლისის პოლიციის მეთაურის, ბრაიან ო’ჰარას თქმით, მოკლული 37 წლის მამაკაცი აშშ-ის მოქალაქე იყო. მას იარაღი კანონიერად ჰქონდა შეძენილი. მანამდე მსგავსი შემთხვევა 7 იანვარს მოხდა. მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა. მომხდართან დაკავშირებით მინეაპოლისში საპროტესტო აქციები უკვე 18 დღეა, მიმდინარეობს.