აშშ-ის სასამართლომ ირანული ტანკერის დაკავების განკარგულება გასცა
აშშ-ის სასამართლომ ირანული ტანკერის დაკავების განკარგულება გასცა

აშშ-ის სასამართლომ ირანული ტანკერის, „გრეის ერთის“ დაკავების განკარგულება გასცა. ამის შესახებ „ბიბისი“ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

დეპარტამენტის განმარტებით, მათ ტანკერის დაკავება საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების შესახებ არსებული კანონის დარღვევის გამო შეუძლიათ.

ამასთან ერთად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი იუწყება, რომ აშშ-ის ერთ-ერთი ბანკის ანგარიშზე 995 ათასი დოლარის დაყადაღების განკარგულება გასცა, რადგან ანგარიში იმ კომპანიასთან არის დაკავშირებული, რომელსაც ირანის რევოლუციური გვარდიის მხარდამჭერ ბიზნესებთან აქვს კავშირი. ირანის რევოლუციურ გვარდიას კი, აშშ-ი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

აშშ-ის სასამართლოს განკარგულებამდე გიბრალტარმა ირანული ტანკერის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც გიბრალტარის მთავრობამ აღნიშნა, ისინი ოფიციალურმა თეირანმა დაარწმუნა, რომ ტანკერი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ობიექტი ქვეყნებისკენ არ გაცურავს. დიდი ბრიტანეთი და გიბრალტარი აშშ-ის სასამართლოს განკარგულებას ჯერ არ გამოხმაურებიან.

ირანული სუპერტანკერი „გრეის ერთი“ , რომელსაც 2,1 მილიონი ბარელი ნავთობი გადაჰქონდა, გიბრალტარის მთავრობამ 4 ივლისს დააკავა. მათი განმარტებით, ტანკერს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით ნავთობი სირიაში მიჰქონდა. ამ ფაქტიდან ორი კვირის შემდეგ კი ირანმა ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ტანკერი დააკავა. ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ ტანკერი საერთაშორისო სანაოსნო წესებს არღვევდა, თუმცა მისი დაკავება გიბრალტარის ქმედებაზე პასუხი იყო.