აშშ-ის სამხედრო ავიაციამ ერაყში, შიიტური სამხედრო დაჯგუფების იარაღის საწყობები დაბომბა
აშშ-ის სამხედრო ავიაციამ ერაყში, შიიტური სამხედრო დაჯგუფების იარაღის საწყობები დაბომბა

აშშ-ის სამხედრო ავიაციამ ერაყში, შიიტური სამხედრო დაჯგუფება, „კატაიბ ჰეზბოლას“ იარაღის საწყობები დაბომბა.

ავიაიერიშები ერაყში მდებარე „ტაჯის“ სამხედრო ბაზის დაბომბვის საპასუხოდ განხორციელდა, რა დროსაც ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი დაიღუპა.

„აშშ-მა განახორციელა თავდაცვითი წერტილოვანი დარტყმები „კატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე, ერაყში. ეს დარტყმები მიმართული იყო იარაღის ხუთ საწყობზე“, – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

პენტაგონში ამბობენ, რომ საწყობებში ინახებოდა ის შეიარაღება, რომელსაც აშშ-ის და კოალიციის ძალების წინააღმდეგ იყენებდნენ.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის განცხადებით, ერაყსა და მთელ რეგიონში ამერიკელი სამხედროების დასაცავად, ვაშინგტონი ყველა აუცილებელ ზომას მიღებს.

ერაყში, კოალიციის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დაბომბვა 11 მარტს განხორციელდა.

ინციდენტს სამი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა.