აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, პარტია „ლელოს“, პარტია „საქართველოსთვის“ , „დროას“, „რესპუბლიკური პარტიის“ და ასევე „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავარი საკითხები, რაზეც ოპოზიციის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეხება მართლმსაჯულებას, სასამართლოს, ამ კუთხით, მათი თქმით, ისაუბრეს ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებით.

ოპოზიციის ინფორმაციით, მათ ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით.

შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის პირველ მრჩეველი საქმის კურსშია და დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენებით.

„პირველი რაზეც იყო საუბარი, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. ვისაუბრეთ ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე, ძალიან დეტალურად ავუხსენით და იცოდა თავადაც, რამდენად მძიმე, პოლიტიკური და საქართველოში თავისუფალი სიტყვის გამგუდავი საქმე იყო ნიკა გვარამიას დაპატიმრება. ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე, რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება პოლარიზაციის შესუსტება, როდესაც პირიქით ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გამოსავალი არ მოიძებნოს. ვისაუბრეთ, რომ სამწუხაროდ საქართველოში არათუ დემოკრატიული ინსტიტუტები ძლიერდება, არამედ პრაქტიკულად არც ერთი ინსტიტუტი არ არის, რომელიც არ არის უკვე ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ. მთავარი გზავნილი იყო შემდეგი, რომ საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები იქნებიან სულ ჩვენ გვერდით. არავითარ შემთხვევაში ჩვენ მათთან ერთად არ დავუშვებთ, რომ საქართველო გადაიხაროს რუსეთის ორბიტისკენ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ დღეს შეხვედრა შედგა ადამიანთან, რომელიც არის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბლინკენის პირველი მრჩეველი, ის სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში, რადგან ამერიკული მხარე ძალიან მძიმედ აღიქვამს ვითარებას, რაც დღეს საქართველოშია.

„საქართველო უკან მიდის დემოკრატიული რეფორმების კუთხით და ეს არის ამერიკის ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, გულწრფელი შეშფოთება, მეორე პირდაპირი კითხვა იყო ჩვენთანაც, როგორ შეგვიძლია, დაგეხმაროთ, როგორ დავაბრუნოთ საქართველო უკან მნიშვნელოვანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის განრიგში, ჩვენი მხრიდან იყო რამდენიმე მექანიზმზე საუბარი. პირველ რიგში საუბარი იყო ძალიან მკაფიო გზავნილებზე, რომელიც უნდა იყოს ამერიკის მხრიდან, მეორე, რაზეც უკვე ამერიკული მხარეც და ყველა მსჯელობს, არის ქვეყნისთვის დახმარების გამოყოფა გარკვეული პირობებით და ასევე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, თუნდაც წინაპირობებით. იყო საუბარი მოსამართლეების სანქცირებაზე, ასევე საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებითაც. შეხვედრის დეტალებში ვერ შევალ, ამის უფლება არა მაქვს, თუმცა გულწრფელად ვიტყვი, ანიდან ჰოემდე იციან, რა ხდება საქართველოში, რატომ ხდება. მათი მხრიდან ერთ-ერთი გზავნილი იყო კიდევ ის, რომ აშშ არის მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი, რათა საქართველოში იყოს მშვიდობიანი განვითარება“, – განაცხადა ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი