აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-ისა და სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ამასთან აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს სომხეთში დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების განვითარების მხარდაჭერას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ამასთან, სახელმწიფო მდივანი მიესალმა ძალისხმევას, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიან პოლიტიკურ მოგვარებას ისახავს მიზნად, რაც მისივე თქმით, სარგებელს მოუტანს რეგიონში მცხოვრებ ხალხს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სატელეფონო საუბრის დროს ენტონი ბლინკენმა დაადასტურა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე მომუშავე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ აშშ მზადაა, კონფლიქტის დარეგულირებაში კვლავაც შეასრულოს როლი.