აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაასანქცირეს პირები და ორგანიზაციები, რომლებიც ზიმბაბვეში, სირიასა და იემენში კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევებთან არიან დაკავშირებული
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაასანქცირეს პირები და ორგანიზაციები, რომლებიც ზიმბაბვეში, სირიასა და იემენში კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევებთან არიან დაკავშირებული. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„დღეს, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს და ადამიანის უფლებათა დღის წინა დღეს, აშშ აწესებს დამატებით ზომებს კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ.
სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა ქვეყნიდან დაასახელა 14 პირი, მათ შორის ოჯახის წევრებიც, მნიშვნელოვან კორუფციულ ქმედებებში ჩართვისთვის, ასევე ერთი პირი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის, რომელთაც აშშ-ში შესვლა აეკრძალებათ.
პარალელურად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი, სახელმწიფო დეპარტამენტთან კონსულტაციით, უწესებს სანქციებს ცხრა პირსა და 19 ორგანიზაციას ზიმბაბვესთან დაკავშირებული კორუფციისთვის და ორ პირსა და ერთ ორგანიზაციას სირიასა და იემენში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით. დეპარტამენტმა ასევე გამოსცა პირველი სავიზო შეზღუდვები ახალი უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც გასულ წელს გამოცხადდა და მიზნად ისახავს თავშესაფრის მიცემის აკრძალვას კორუფციის ხელშემწყობი პირებისთვის.
წელს აშშ-მა გამოიყენა სხვადასხვა ინსტრუმენტი მთელ მსოფლიოში, რათა ხელი შეუწყოს კორუფციული აქტებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას, ძალადობრივი და უკანონო საქმიანობის ქსელებისა და სქემების აღსაკვეთად და სამომავლო აქტების პრევენციისთვის. ეს მოიცავს 67 პირისა და ორგანიზაციის სანქცირებას გლობალური მაგნიტსკის სანქციების პროგრამის ფარგლებში 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე.
გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტმა საჯაროდ დაასახელა 81 პირი, მათ შორის ოჯახის წევრები, მნიშვნელოვან კორუფციაში ან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში მონაწილეობისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე მიიღო ზომები სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად 200-ზე მეტ პირზე დემოკრატიის ხელყოფის, მარგინალიზებული ჯგუფების რეპრესიის, ტრანსნაციონალური რეპრესიისა და კომერციული ჯაშუშური პროგრამების ბოროტად გამოყენებისთვის“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.