აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ტერორისტთა გლობალურ სიაში“ დამატებით ექვსი ექსტრემისტი მებრძოლი შეიყვანა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ტერორისტთა გლობალურ სიაში“ დამატებით ექვსი ექსტრემისტი მებრძოლი შეიყვანა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ტერორისტთა გლობალურ სიაში“ დამატებით ექვსი ექსტრემისტი მებრძოლი შეიყვანა. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს სანქციების სიაში მათი მოხვედრა ნიშნავს, რომ მოხდება ამ პირების შეერთებულ შტატებში არსებული აქტივების გაყინვა და ამერიკის მოქალაქეებისთვის სიის ფიგურანტებთან ნებისმიერი სახის ბიზნესის წარმოება აიკრძალება.

„სიაში მოხვედრილ პირებს შორისაა მოზამბიკში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივი ფილიალის ლიდერი ბონონადე მაჩუდე ომარი“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, ომარი ხელმძღვანელობდა ექსტრემისტთა ჯგუფს, რომლებმაც ათეულობით ადამიანი მოკლეს ქალაქ პალმაში, სასტუმრო „ამარულაზე“ თავდასხმისას. ეს პიროვნება აგრეთვე პასუხისმგებელია მოზამბიკსა და ტანზანიაში განხორციელებულ სხვა თავდასხმებზეც.

სიაში ასევე შევიდნენ დაჯგუფებების „ალ შაბაბისა“ და „ჯამაათ ნუსრათ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინის“ ხელმძღვანელი პირები, რომელთაც „ალ ქაიდასთან“ მჭიდრო ურთიერთობები აქვთ.