აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო დაასახელა ქვეყნებს შორის, რომლებიც ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო დაასახელა ქვეყნებს შორის, რომლებიც ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო იმ ქვეყნებს შორის დაასახელა, რომლებიც ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ამის შესახებ ნათქვამია ფისკალური გამჭვირვალობის შესახებ 2019 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

დოკუმენტში სულ 140 ქვეყანა არის შეფასებული, რომლებიც ორ ჯგუფად არის დაყოფილი. ერთ ჯგუფში წარმოდგენილი არიან ის ქვეყნები, რომლებიც ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, მეორეში კი ისინი, რომლებიც ამ მინიმალურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს 140-დან 67 სახელმწიფო, მათ შორის დასახელებულია აზერბაიჯანი, უკრაინა, თურქმენეთი, უზბეკეთი,
ჩინეთი, ერაყი, პაკისტანი, საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები.

საქართველოსთან ერთად იმ ჯგუფში, რომელიც ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს, მოხვდნენ სომხეთი, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი, ალბანეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისრაელი, ავღნეთი, ყირგიზეთი და სხვები.

„იმ მთავრობების ფისკალური გამჭვირვალობის ყოველწლიური შეფასება, რომლებიც აშშ-ის დახმარებას იღებენ, უზრუნველყოფს იმას, რომ აშშ-ის გადამხდელების ფინანსები გამოყენებული იყოს შესაბამისად“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფისკალური გამჭვირვალობა ეფექტიანი საჯარო ფინანსური მართვის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ეხმარება კერძო ბაზრების ნდობის გამყარებაში და მხარს უჭერს ეკონომიკურ მდგრადობას.

„ის აძლიერებს მთავრობის ანგარიშვალდებულებას და წარმოადგენს მოქალაქეებისთვის ფანჯარას სახელმწიფოს ბიუჯეტებში, ეხმარება მოქალაქეებს ხელისუფლების კონტროლში და ხელს უწყობს უფრო
მეტად ინფორმირებულ საზოგადოებრივ დებატებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ანგარიში მომზადებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მონაწილეობით.