აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საქართველოს ცალკე თავი ეთმობა, რომელშიც გასულ წელს რელიგიის თავისუფლების სავარაუდო შეზღუდვების ფაქტებია აღწერილი.

„საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს რელიგიური ნიშნით დევნას და აღიარებს ყველას თანასწორობას, მიუხედავად მათი მრწამსისა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობის ან სხვა ადამიანების უფლებების გათვალისწინებით. ის ითვალისწინებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას და აღიარებს ამ ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ისტორიაში. კანონები და პოლიტიკა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნიკალურ პრივილეგიებს ანიჭებს“, – ნათქვამია ანგარიშის შესავალში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია 2021 წელს ინტერნეტში ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევა.

„სექტემბერში ინტერნეტში გამოქვეყნებული დოკუმენტები, რომლებიც ფართოდ გავრცელდა მედიით, სავარაუდოდ აჩვენებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რელიგიური ლიდერების თვალთვალი და მათი საუბრების მიყურადება პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან, ფართოდაა გავრცელებული. მთავრობამ უარყო დოკუმენტების ნამდვილობა, მაშინ როდესაც ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე, ჟურნალისტი და სხვა პირი მათ ავთენტურობას ადასტურებდა და აცხადებდა, რომ თვალთვალი ნეგატიურად აისახა რელიგიის თავისუფლებაზე, რადგან დაამტკიცა მათი შიში, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებს რელიგიური ჯგუფების საქმიანობას“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკაზე, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს დაწესებული საყოველთაო ლოკდაუნის პირობებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულებზე შეღავათების დაწესებას ეხებოდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველა სხვა რელიგიურ ჯგუფს რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნად სპეციფიკური განაცხადის შევსება უწევდა.

დადებითად არის შეფასებული მთავრობის მიერ იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის საკითხი.

„მანამდე ის არასამთავრობო ორგანიზაციად იყო რეგისტრირებული“, – წერია დოკუმენტში. თუმცა, ამასთან ერთად აღნიშნულია, რომ მთავრობამ უარი უთხრა ექვს სხვა ქრისტიანულ ჯგუფს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციაზე.

„არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ კვლავაც აცხადებდა, რომ პროკურატურას არ შეუძლია, ბრალი წაუყენოს რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულ პირებს. პარლამენტმა ისევ არ შეასრულა სასამართლოს დადგენილება, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის განსაკუთრებული საგადასახადო და ქონებრივი პრივილეგიების გაუქმებას ითვალისწინებს. ასევე არ მოხდა ამ პრივილეგიების სხვა რელიგიურ ჯგუფებზე გავრცელება“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე მოხვდა ზოგიერთი მუსლიმური გაერთიანების განცხადება იმის შესახებ, რომ „მთავრობა აგრძელებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული რელიგიური ჯგუფის „სრულიად საქართველოს ყველა მუსლიმის“ მხარდაჭერას და ზეგავლენას ახდენს მასზე“. ანგარიშში წერია,რომ მუსლიმები კვლავ ამახვილებდნენ ყურადღებას მთავრობის გამჭვირვალობის დანაკლისზე, როდესაც საქმე ეხებოდა მეჩეთების მშენებლობას.

„სომხური სამოციქულო, ევანგელისტ-ლუთერანული და რომაულ კათოლიკური ეკლესიები და ზოგიერთი მუსლიმთა ჯგუფი კვლავ იტყობინებოდნენ სირთულეების შესახებ, რომელთაც ისინი აწყდებიან რელიგიური ქონების აღიარების პროცესში. 28 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლო დათანხმდა ემსჯელა არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის სარჩელზე, რომელიც ეხება იმ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს, რომელიც უკრძალავს რელიგიურ ორგანიზაციებს, გარდა საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესიისა, რომელსაც ეს უფლება სახელმწიფოსთან გაფორმებული კონკორდატით აქვს, დაიბრუნონ კანონიერ საკუთრებაში რელიგიურ შენობები და სხვა ქონება, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო ჩამორთმეული და ახლა სახელმწიფოს საკუთრებაშია“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

აშშ-ის საგარეო უწყების მიერ მომზადებულ ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. დოკუმენტში აღნიშნულია – „რელიგიური ლიდერები აცხადებდნენ, რომ ამ ტერიტორიებზე ზოგიერთი რელიგიური ჯგუფის საქმიანობა იზღუდებოდა“. მათ შორის დასახელებულია იეჰოვას მოწმეები და ორმოცდაათიანელები.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესია და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორივე რეგიონში მდებარე ეკლესიებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებად აღიარებენ.

„თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განაცხადეს, რომ სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა ეკლესიებზე, რათა ისინი მიერთებოდნენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ხოლო აფხაზეთში ზოგიერთი ლიდერი ავტოკეფალიის გამოცხადებას უჭერდა მხარს. წყაროები ამბობენ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მალულად უჭერდა მხარს ორივე რეგიონში ეკლესიების ავტოკეფალიის გამოცხადების ამბიციებს, ისე რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან მათი ავტოკეფალიის აღიარებას არ ითხოვდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ წლის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტმა გამოიძია 13 საქმე, რომელიც მოიცავდა რელიგიური მოტივით ჩადენილ დანაშაულებებს, მაშინ როდესაც 2020 წელს 22 ასეთი საქმე იყო აღრიცხული. ეს საქმეები შეიცავდა ძალადობას, მათ შორის ძალადობას ოჯახში, დევნას, მუქარას და საკუთრების დაზიანებას. სახალხო დამცველმა მიიღო ექვსი საჩივარი, რომელიც ეხებოდა რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებებს და დისკრიმინაციას. პროკურატურამ რელიგიური შეუწყნარებლობის მუხლით ბრალი წარუდგინა ხუთ პირს, და ყველა საქმე განხილვის პროცესშია.

სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხვდა თბილისში 5 ივლისს განვითარებული მოვლენებიც.

„თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღირსების მარში თბილისში გაუქმდა, როდესაც ულტრამემარჯვენეები, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი მღვდელი, თავს დაესხა ჯგუფის წევრებს და ოფისებს“, – წერია დოკუმენტში.